მწვანე მონასტერი
სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ - აღმოსავლეთ განაპირას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ მწვანე მონასტერი, რომელიც მთავარ ტრასაზე ს8, 12 კილომეტრში ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით, პატარა სოფელ ჩითახევში მდებარეობს.
ადგილობრივებშიც მონასტერს მწვანე მონასტერი ეწოდება. სახელი სავარაუდოდ ირგვლივ არსებული ტყის მანათობელი მწვანე ფერით აიხსნება. მზიან ამინდში, როგორც ამბობენ, ეკლესიის კედლების ქვებსაც კი მწვანე ელფერი დაკრავს.
მწვანე მონასტერი შუასაუკუნეების საეკლესიო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც მე - 8 საუკუნის ბაზილიკის, მე-16 საუკუნით დათარიღებული ორსართულიანი სამრეკლოსა და მონასტრის ძველი სტრუქტურის ნანგრევებისგან შედგება.
ძალიან მწირია ისტორიული ჩანაწერები მწვანე მონასტრის მშენებლობის შესახებ. მეცნიერების დასკვნებით მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-9 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სასულიერო პირმა, გრიგოლ ხანძთელმა, ააგო ის. ხანძთელის სახელს უკავშირდება ასევე მრავალი სამონასტრო თემის შექმნა ტაო - კლარჯეთში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მხარეში.
მონასტრის სტრუქტურული ელემენტები, როგორიცაა სვეტები,პილასტრები და თაღები, უმეტესწილად უბრალო ქვისგან არის ნათალი და საერთოდ არ ახლავს ორნამენტები. მხოლოდ აფსიდაზე და ასევე დასავლეთ კედელზე არის შემორჩენილი ფრესკების ნაწილები, რომლებიც სავარაუდოდ მე-12 საუკუნით თარიღდება.
მე-16 საუკუნეში, როცა ოსმალეთის იმპერიამ რეგიონი დაიპყრო, სხვა ეკლესია-მონასტრებთან ერთად მწვანე მონასტერიც დაცარიელდა და ჩამოინგრა. მხოლოდ 1978 წელს დაიწყო მისი ნაწილობრივ აღდგენა, ხოლო 1988 წელს მონასტერი სრულად აღადგინეს და 2003 მანდ უკვე ქართველი ბერები დასახლდნენ.
ბერების დამსახურებით მონასტერი და სამრეკლო ამჟამად იდეალურ მდგომარეობაშია. სამრეკლოც და მონასტერიც ,,საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა“ სიაშია შეტანილი.
მისვლა:
მწვანე მონასტერი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, 12 კმ.ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომიდან, პატარა სოფელ ჩითახევთან ახლოს მდებარეობს. მინი ავტობუსით (1ლარი), ან ტაქსით (3 ლარი) ბორჯომიდან მთავარი ტრასის ს8 -ის გავლით, 10-15 წუთშია შესაძლებელი მისვლა.
მანძილი:
ბორჯომი – მწვანე მონასტერი: 12 კმ | ახალციხე – მწვანე მონასტერი: 40 კმ
სამუშაო საათები და ფასები:
მონასტრის მონახულება ყოველდღეა შესაძლებელი. შესვლა უფასოა
მიაქციეთ ყურადღება:
როგორც ყველა ეკლესია-მონასტრის უმეტესობასთან, აქაც ელემენტარული ინფრასტრუქტურაა მხოლოდ მოწყობილი. არის საპირფარეშოები და ერთი პატარა მაღაზია, სადაც წყლის და ადგილობრივი პროდუქტების ყიდვა შეგიძლიათ.
პროექტი “გაზრდილი რეგიონალური საბაზრო ღირებულება საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული მემკვიდრეობის ტურისტული გიდების საშუალებით ”, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) ავსტრიული განვითარების თანამშრომლობის რესურსებით.